სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საერთო რეზოლუცია შეადგინა აფგან მუხტარლის საქმეზე, სადაც აზერბაიჯანს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს კი გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

დღესვე, აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში, მედიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ თუკი საქართველოს ჩართულობა დადასტურდება, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების უხეში დარღვევა, რაც მკვეთრად დააზიანებს საქართველოს, როგორც ქვეყნის რეპუტაციასა და სანდოობას.

გაერთიანებულ რეზოლუციაში, ევროპარლამენტი საქართველოს ახსენებს ევროკონვენციის მე-3 მუხლს, სადაც წერია, რომ ქვეყანა ვალდებულია არ გადასცეს სხვა ქვეყანას ის პირი, რომელსაც შესაძლოა ემუქრებოდეს წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

ევროპარლამენტი მტკიცედ მოუწოდებს აზერბაიჯანს პატივი სცეს მედიის თავისუფლებას, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და დაასრულოს მთავრობის კრიტიკის ცენზურა, მედიასაშუალებებში.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. შსს ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.