რამდენიმე დღის წინ, 11 ივნისს ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა. მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, გარდაცვლილს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

უწყებაში ამბობენ, რომ 11 ივნისს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს მსჯავრდებული უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ, რის შემდეგაც გამოიძახეს მორიგე ექიმი და სასწრაფო დახმარების სამსახური.

"მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულ–ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად გაწეული, ყველა საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მითითებულია თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ–სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა," – განაცხადეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

სამინისტროში უარყოფენ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსჯავრდადებულისთვის მკურნაობაზე უარის თქმის შესახებ. მედიასაშუალებები წერდნენ, რომ პაციენტი სისხლდენით გარდაიცვალა.