საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ გაექცათ თუ არა მსახიობ დავით როსტომაშვილის თავდასხმაზე ბრალდებული, ბექა კირვალიძე. ბრალდებულის გაქცევის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ტელეკომპანიამ ამ ბრალდებულის ადვოკატის კომენტარიც გაავრცელა, რომელმაც ბრალდებულის გაქცევას ადასტურებს.

"პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, რომ მოეთავსებინათ წინასწარი დაკავების საკანში და როცა იქ საბუთების გაფორმება მოხდა, აი მაშინ მოხდა, გაქცევა დავარქვათ ამას, გაიქცა, გააქციეს, მიიმალა თუ რა ვითარებაში იყო," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ლოვერტ კუპატაძე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დამნაშავედ სულ ორი პირი განიხილებოდა. ტელეკომპანია რუსთავი 2 ამბობს, რომ უწყებამ ორივე პირი დააკავა ერთი კი გაექცა. შსს-ში On.ge-ს მხოლოდ ერთი დაკავებულის შესახებ ესაუბრებიან, კითხვაზე - გაიქცა თუ არა ბრალდებული? - არ პასუხობენ.

"დაკავებულია ერთი პირი, ხოლო ერთი პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები," - განუცხადეს On.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში და დამატებითი დეტალების გარკვევას დაპირდნენ.