საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მეორე დღეა არ ამბობენ გაექცათ თუ არა მსახიობ დავით როსტომაშვილის თავდასხმაზე ბრალდებული, ბექა კირვალიძე. ბრალდებულის გაქცევის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ, 17 ივნისს გაავრცელა.

On.ge-მ შსს-ს პრესსამსახურს რამდენიმე კითხვით მიმართა:

  1. შსს-მ რამდენი პირი დააკავა დავით როსტომაშვილის თავდასხმის ბრალდებით?
  2. გაიქცა თუ არა საქმეზე ბრალდებული რომელიმე პირი?
  3. დაწყებულია თუ არა ბრალდებულის გაქცევის საქმეზე გამოძიება?

ამ კითხვებზე უწყების პრესსამსახურში ასეთი პასუხი აქვთ: "დაკავებულია ერთი პირი, ხოლო ერთი პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები".

17 ივნისს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სავარაუდოდ გაქცეული ბრალდებულის, ბექა კირვალიძის ადვოკატის კომენტარიც გაავრცელა, რომელმაც გაქცევა დაადასტურა.

"პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, რომ მოეთავსებინათ წინასწარი დაკავების საკანში და როცა იქ საბუთების გაფორმება მოხდა, აი მაშინ მოხდა, გაქცევა დავარქვათ ამას, გაიქცა, გააქციეს, მიიმალა თუ რა ვითარებაში იყო," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ლოვერტ კუპატაძე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დამნაშავედ სულ ორი პირი განიხილებოდა. ტელეკომპანია რუსთავი 2 ამბობს, რომ უწყებამ ორივე პირი დააკავა ერთი კი გაექცა.