საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. შეხვედრა მათ შორის 21 ივნისს გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში ილია მეორემ დამსწრეებს მიმართა, ვისაც სურვილი ჰქონდათ შეხვედრა ჩაეწერათ:

"ვისაც გნებავთ ჩაიწერეთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ესე ვთქვით და ესე არ გვითქვამს".

ჩანაწერში ილია მეორე ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე არა კონკრეტული პირის, არამედ ეკლესიის წინააღმეგაა მიმართული. მან მამალაძის ოჯახის წევრებს უთხრათ, ესაუბრათ იმის შესახებ, რაც თავად სურდათ.

დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებმა ილია მეორესთან საუბრისას პრეტენზია გამოთქვეს სასამართლო სხდომების დახურვის გამო. მათი მოსაზრებით, სხდომები იმიტომ დაიხურა, რომ ხალხმა სიმართლე ვერ გაიგოს. გიორგი მამალაძის მამამ, ავთანდილ მამალაძემ პატრიარქს უთხრა, რომ ეს სიმართლე მის გარეშე ვერ გადაწყდება.

"სწორია, ჩვენც ეგ გვინდა. სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა - სიყალბე", - უპასუხა ილია მეორემ ავთანდილ მამალაძეს. მისივე თქმით, საპატრიარქო ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში, რადგან ამის უფლება მათ არ აქვთ.

ილია მეორემ ბრალდებული დეკანოზის ოჯახს უთხრა, რომ ის ვერ შეხვდება მას, რადგან შესაძლოა თქვან, რომ პატრიარქი გავლენის მოხდენას ცდილობს.

პატრიარქმა დეკანოზის ძმას, თორნიკე მამალაძეს ასევე უსაყვედურა მისი საჯარო განცხადებების გამოც და მას უფრო მეტად დაფიქრება ურჩია

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.