დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა. ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის ცნობით, სამინისტრო ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას, შვიდ ივლისს მიიღებს.

ადვოკატმა On.ge-ის განუცხადა, რომ შეხვედრისას, მათ ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი და სამინისტროს დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ:

"განვიხილეთ მისი ბიოგრაფია, ასევე, ის თუ რა რისკები არსებობს მისი გადაცემის შემთხვევაში, რა ელოდება მას და საერთოდ, რაიმე დანაშაულზე შეიძლება იყოს თუ არა საუბარი. მე მაქვს იმედი და მოლოდინი ნამდვილად რომ ლტოლვილთა სამინისტრო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში".

მუსტაფა ემრე ჩაბუქს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დამდგენი განყოფილების უფროსი ადვოკატთან ერთად, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში შეხვდა. შედეგად, უნდა გადაწყდეს, მიენიჭება თუ არა მას საქართველოში ლტოლვილის სტატუსი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მისი სხვა ქვეყანაში ექსტრადირება ვეღარ მოხდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ხელისუფლებას ჩაბუქის გათავისუფლებისკენ და თურქეთისთვის არგადაცემისკენ მოუწოდა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ.