თბილისის მერიის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მერია ყველას მოუწოდებს, ცილისწამებისგან თავი შეიკავონ:

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა.

განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია.

გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ".

2 ივლისს ელიავას ბაზრობაზე 2 500 კვადრატულ მეტრ ფართზე გავრცელებულმა ცეცხლმა გაანადგურა ავტომობილების ნაწილების, საბურავებისა და ზეთების მაღაზიები.