საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ზურა ტაბატაძე On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რკინიგზის პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ასახულ თანაშრომლებს ალერგია აქვთ და მზისგან არ დამწვარან. მისი თქმით, სურათზე ასახულია ადგილობრივი მცენარის ყვავილობის დროს გამოწვეული ალერგიული გამოვლინება.

ტაბატაძე აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ალერგიის შესახებ 2006 წლიდან ინფორმირებულები არიან. თანამშრომლები დაზღვეულები არიან და შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ადგილობრივი კლინიკის მომსახურებით, ისე - თბილისის. სამედიცინო დაწესებულებებში მისული ადამიანების შესახებ ინფორმაციას რკინიგზა იღებს.

"გარეთ თუ ვინმე დადის და ეფიცხება მზეს, ამას ვერ გეტყვით. რკინიგზასთან დაკავშირებულ საწარმოო პროცესში დამწვრები გამორიცხულია," - ამბობს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი.

მისი თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მზეზე მუშაობა უწევთ, სპეციალური განრიგი აქვთ და დღის ცხელ მონაკვეთში არ მუშაობენ. რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მათ უწყებაში სპეციალური განყოფილება ჩამოყალიბდა, რომელიც თანამშრომლების სამუშაო პირობებს სწავლობს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სადგურ სამტრედია მეორეში დასაქმებულთა სურათებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, რკინიგზის თანამშრომლობს სახის დამწვრობები აქვთ მიღებული. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 40-45 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

პროფკავშირის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობა უწევთ ელმავლის და თბომავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა პროფესიულ მუშაკებს.