შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან გამოიყვანეს.

სოფელ ხუბუმეში მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი პატარა ზომის კუნძულზე ჩარჩა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მოიმატა.

მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლიერების გამო, მაშველები მდინარეში შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბანიას ხელმძღვანელობით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.