პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში შსს-ს საგანგებო სიტუაციებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგინა.

კვირიკაშვილის თქმით, გუშინ, ხუთ ივლისს, შავი ზღვის აკვატორიაში ხუთ ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე:

"ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს".

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.