"დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულება", - ასე აფასებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ლტოლვილთა სამინისტროს უარს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ორგანიზაციების მტკიცებით, სამინისტროს დასაბუთებაში არ არის მითითებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

"წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს."

არასამთავრობოების ცნობით, 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთი სხვადასხვა ქვეყნისგან ორგანიზაცია FETO-ს 59 წევრის ექსტრადაციას ითხოვდა, თუმცა ევროპის ქვეყნებს დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ.

საქმე ეხება საქართველოში დაკავებულ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს. ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

"აშკარაა, რომ სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, არასათანადო მოპყრობის არარსებობის შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებენ:

  • ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და არ დაუშვას მსგავს საქმეებზე პროცესების პოლიტიზირება და კანონიერი ჩარჩოდან გაყვანა;
  • საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით განიხილონ და ეფექტიანად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;
  • საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • გაეროს ასოციაცია საქართველოში
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი