თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოთარ აბესაძის დაკავებას ეხმიანება. მერია აღნიშნავს, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო. უწყების განცხადება პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან," - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

უწყებაში ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.

"მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს," - აცხადებენ მერიაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 11 ივლისს დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, სამი ათასი დოლარის სანაცვლოდ, აღებას დაპირდა.