რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Moscow Times ავრცელებს.

სასამართლომ დააკმაყოფილა ჩეჩნეთის ელიტარული სამხედრო გაერთიანების ყოფილი წევრის, ზაურ დადაევის მიმართ წაყენებული ბრალდება. ბრალდების თანახმად, სწორედ მან ესროლა ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, 2015 წელს. თავადაპირველად, პროკურორებმა დადაევისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა.

ფოტო: Kirill Zykov / Moskva News

მასთან ერთად სასჯელი მიუსაჯეს კიდევ ოთხ ეთნიკურად ჩეჩენ ბრალდებულს. მოსამართლე იური ჟიტნიკოვმა, ანზორ გუბაშევს 19 წლით, მის ძმას შადიდ გუბაშევს 16 წლით, ხოლო ტემირლან ესკერხანოვს 14-წლიანი და ხამზატ ბახაიევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამას გარდა, სასამართლომ დადაევსა და ესკერხანოვს სამხედრო წოდებები და მიღწევები ჩამოართვა.

29 ივნისს, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული ზაურ დადაევი ოთხ პირთან ერთად ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს.

ნემცოვის მკვლელობისთვის ხუთ პირს 2015 წლის დეკემბერში წაუყენეს ბრალი. საქმეში იყო ასევე, მეექვსე ბრალდებული, ბესლან შაბანოვი, რომელიც ჩეჩნეთში დაკავებისას დაიღუპა.