თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოვლენა, რომელმაც 250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იყო "ძალადობა ადამიანის უფლებებზე". მან აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი ნობელის პრემიას იმსახურებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაშლისთვის.

დღეს, 15 ივლისს, თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები გაიმართება. ანკარაში რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა ჩატარდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოვლენ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ასევე, დაგეგმილია მარში სტამბოლსა და ანკარაში ერთდროულად.

დღის ბოლოს, პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ანკარაში 15 ივლისის მონუმენტი გაიხსნება.

2016 წლის 15 ივლისს, გადატრიალების მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ადგილზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის პასუხად, თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან დაითხოვა და დააპატიმრა ათიათასობით ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, სამხედროები და ა.შ.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მომხდარში მის ყოფილ მოკავშირეს, აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ გადატრიალების მცდელობა თავად ერდოღანმა მოაწყო. ფეტულა გიულენი არის თურქეთში, ერზრუმში დაბადებული სასულიერო პირი, პოლიტიკოსი და მწერალი, ასევე - ყოფილი იმამი. პრეზიდენტი ფეტულა გიულენის ექსტრადირებას მოითხოვს.

უფრო დეტალურად, თუ რა მოხდა თურქეთში 2016 წლის ივლისში, წაიკითხეთ ვრცელი სტატია.