საქართველოს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი მისი ყოფილი თანამშრომლის ნათქვამს, ციხიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, აბსურდს უწოდებს. სუბარმა ამის შესახებ რუსთავი 2-ს სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი სამსახურის უფროსის, ირაკლი კორძაიას მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრი გამორიცხავს 2014 წელს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას და დასძენს, რომ მისი გვერდის ავლით, ეს ვერ მოხდებოდა.

"საინტერესო ინფორმაციაა, ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა. ცხადია, ეს აბსოლუტური ტყუილია", - განუცხადა სუბარმა რუსთავი 2-ს.

კორძაია აღნიშნავდა, რომ "მერაბიშვილის გაყვანაზე" "ერთიანი მესიჯბოქსი" ჰქონდათ, რასაც სუბარი ტყუილს უწოდებს. ამავე საქმის გამო, პრემიების აღების საკითხზე კი, მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროსგან გაიგო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი კორძაიამ ეკა კვესიტაძის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს ციხიდან. კორძაია გადაცემაში ჰყვება, რომ მას ეს ამბავი თავად იმდროინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაუდასტურა.

მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანაზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ქართულმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი და მე-18 მუხლი პირველთან მიმართებით. აღნიშნული ეხება სწორედ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის გამოუძიებლობას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.