ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) აცხადებენ, რომ ხელისუფლების და პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უმეტესწილად უარყვეს, რომ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოსთვის. როგორც NDI-ში ამბობენ, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოსახლეობა მსგავსი რიტორიკის მიმართ მგრძნობიარე არაა. ამის შესახებ ვკითხულობთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში, რომლიც დღეს 21 ივლისს გამოქვეყნდა.

NDI-ში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა
შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს. ამის დასტურად ორგანიზაციაში თბილისში, 14 ივლისს ჩატარებული "ქართველთა მარში" მოჰყავთ, რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგ ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების ყოფილი ხელისუფლების წევრი, სანდრო ბრეგაძე და პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, ემზარ კვიციანი იყვნენ. ანტი-ლგბტ კამპანიასთან ერთად, მარშის ორგანიზატორები მოითხოვდნენ არალეგალი იმიგრანტების
დეპორტაციას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, ბინადრობის ნებართვაზე უცხოელებისთვის შეზღუდვების დაწესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას.

"ეს საკითხები აძლიერებს არსებულ ცრურწმენებს და პოპულისტურ განწყობებს, რომელიც ასევე აისახება მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ შორის ქორწინების განსაზღვრა, როგორ კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა", - აღნიშნავენ NDI-ში და დასძენენ, რომ პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათთან შეხვედრისას "ქართველთა მარში" დეზინფორმაციის და რუსეთის ჩარევის მზარდ ტენდენციას დაუკავშირეს.