ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ შორენას ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი საგნის მოთხოვნა:

"ერთ-ერთი მათგანი იყო, რომ შორენამ უშუალოდ მას სთხოვა გველის შხამი".

მისივე განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ მისი სამსახურში დანიშვნიდან შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალწუნა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მისი დისკრედიტაცია მოეხდინა, ჩამოეშორებინა ის და უხეშად ჩარეულიყო მის საქმოანობაში.

როგორც ადვოკატი ჰყვება, ოხანაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შორენას მისი დისკრედიტაცია არ გამოსდიოდა, რაც აღიზიანებდა.

პაატა მეხრიშვილის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს არანაირი მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს.

დაკითხვის შემდეგ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მედიას. მისი თქმით, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა დაკითხვისას ვერ უარყო, რომ ის, გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი ცდილობდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილებას.

დღეს, 25 ივლისს, ე.წ. ციანიდის საქმეზე სკაიპით დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, ვინაიდან ის გერმანიაში იმყოფება. ასევე, დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი.