უკრაინული მედიასაშუალება Obozrevatel ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც მედიასაშუალება წერს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა ოფიციალურად დაუდასტურა.

უკრაინული გამოცემის ცნობით, მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდა შესაბამისი კანონის ერთ-ერთი მუხლი, რაც მოქალაქეობის მიღებას ტყუილის გამოყენებით გულისხმობს.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმაც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯერჯერობით, მას ამის შესახებ რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე კვირაა საუბრობს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინის მთავრობა გაურიგდა საქართველოს ხელისუფლებას, რის შედეგადაც, იგეგმებოდა მისი გადაცემა ქართველი სამართალდამცავებისთვის.

მიხეილ სააკაშვილს ქართველი სამართალდამცავები არაერთ დანაშაულს ედავებიან და მასზე ძებნა აქვთ გამოცხადებული. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მაშინ ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელი იყო, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო წლებში უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ოპოზიციური პარტია დააფუძნა.