დღეს, 31 ივლისს, 16 საათზე პარტია გირჩი ცესკოს 28 050 ხელმოწერას წარუდგენს. როგორც მათი ერთ-ერთი წევრი, ნიკა ობოლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ხელმოწერები ყველა ფორმალური წესის დაცვით არის შედგენილი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ევალება ცესკოსთვის მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენა.

როგორც ნიკა ობოლაძე წერს, ცესკომ მათ რეგისტრაციაზე უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო წარდგენილ დოკუმენტებში მინიმუმ 3 051 შესაძლო შეცდომის აღმოაჩენს:

"თუ ცესკომ, ბაზების ხელით გადამოწმებით ვერ იპოვა წუთში 3 შეცდომა (ისეთი რომელიც არ არსებობს) გირჩი დარეგისტრირდება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო რეგისტრირებული ბევრი პარტია ( ანუ თავის დროზე მიიტანა 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერა)".

28 ივლისს, გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ საჯაროდ დაამზადებდნენ 27 ათას ყალბ ხელმოწერას. მისივე განცხადებით, ამით გააკეთებდნენ იმას რასაც წლების განმავლობაში საქართველოში აკეთებენ ჩუმად:

"ჩვენ ამას გავაკეთებთ საჯაროდ, რომ თქვენთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობაა ეს საარჩევნო პროცესი".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე კვირის წინ დაწყებული კამპანიის შედეგად, პარტიამ მხოლოდ შვიდი ათასი რეალური ხელმოწერის შეგროვება მოახერხა, რაც საკმარისი არ არის არჩევნებზე დასარეგისტრირებლად.