რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება სპუტნიკის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე აფხაზეთში ჩავიდა.

პუტინი ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ისინი საერთო პრესკონფერენციასაც გამართავენ.

სპუტნიკის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერება შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაზღვევასთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე მიიღონ სამედიცინო დახმარება.

ეს პუტინის მეოთხე ვიზიტია აფხაზეთში. რუსეთის პრეზიდენტი ბოლოს 2013 წელს ეწვია არაღიარებულ რესპუბლიკას და მის მაშინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.

შეხვედრას გამოეხმაურა ქართული მხარეც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ცინიკური ქმედება და საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებაა. უწყების განცხადებით, პუტინის აფხაზეთში ჩასვლით უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.