პარტია პატრიოტთა ალიანსიდან თბილისის მერობისთვის ირმა ინაშვილი იბრძოლებს. ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თარხან-მოურავის თქმით, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება და ამ აქციებს ორგანიზატორი პატრიოტთა ალიანსი იქნება:

"საჭიროა ფიგურა რომელიც შეძლება, რომ პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები. ასეთია რის ირმა ინაშვილი. ის არის მებრძოლი, ძალიან პრინციპული ადამიანი. ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა სულისკვეთებას შესძენს ის ამ არჩევნებს. არჩევნებს, რომელიც ახლა გვაქვს, არ უნდა შევხედოთ, ქალაქისა თუ სოფლის კეთილმოწყობის კუთხით, არამედ ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად".

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება. ირმა ინაშვილთან ერთად, თბილისის მერობისთვის ასევე იბრძოლებენ ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი და შენების მოძრაობის წევრი თენგიზ შერგელაშვილი