ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში ხანძრის გამო სოფელ დაბის მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრვი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ სახლს ეზოში ჩამოვარდნილი ნაკვერჩხლების გამო ტოვებს.

"მთელმა ოჯახმა დავტოვეთ სახლი. ჯერ აქ ვართ და მერე არ ვიცი, რა იქნება. ხანძარი 500 მეტრშია. ცეცხლი მთელი დღის განმავლობაში იყო. კვამლის სუნიც იგრძნობა", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მაუწყებელი ესაუბრა ბორჯომის გამგებელსაც, რომემაც სოფელ დაბაში სახლების დატოვების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ბორჯომში, წაღვერის ტყეში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძრის კერები, ძლიერი ქარის გამო, გაღვივდა. ხანძრის ჩასაქრობი სამუშაოები შეწყვიტეს საქართველოსა და აზერბაჯანის ვერტმფრენებმა. ამ ეტაპზე, 270-მდეა გაზრდილი მეხანძრეების რაოდენობა, ვერტმფრენები კი სამუშაოებში ნებართვის მიღებისთანავე ჩაერთვებიან.