გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციამ დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა რუსეთის დახმარება საჭირო არ გახდა.

"ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა დავიცვათ მოსახლეობა სტიქიისგან და შესაბამისად ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი და ვერსია. რამდენადაც არის ჩემთვის ცნობილი, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დაგვხმარებოდა, თუმცა მოცემულ პირობებში რუსეთის დახმარება საჭირო არ გახდა".

პრემიერის განცხადებით სომხეთიდან უკვე წამოსულია დამხმარე ეკიპაჟები. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართულია თურქეთი და აზერბაიჯანი.

ბორჯომის ხეობაში უკვე მესამე დღეა მთის ფერდობები იწვის. გუშინ ცეცხლი ლოკალიზებული იყო, თუმცა ძლიერმა ქარმა ახლიდან გააღვივა.

საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.