დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალში და გორში, ატენის ხეობაში, ხანძარია. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟინვალის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი ამ დროისთვის აღარ ფიქსირდება და ამიტომ ახალი კერების გაჩენის და გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

"ჟინვალში დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი, ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს და უკვე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს" - უთხრეს On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება ატენის ხეობას, ცეცხლი ზემო ბოშურში, ტყის მასივშია გაჩენილი, სადაც წიწვოვანი ხეებია. უწყების ცნობით, ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული:

"ძალიან მიუდგომელი და ქარიანი ადგილია, ცოტა სირთულე შეიძლება შექმნას ამან" - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში ადგილზე მყოფი მეხანძრეების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ, რადგან ამ დროისთვის მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხდება.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, წაღვერის ტყეში ხანძარი უკვე მესამე დღეა, რაც არის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ლოკალიზებული კერები ქარის გამო კვლავ ღვივდება.