საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 104 ტონაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ობიანი შოკოლადი მიაწოდეს. ამის შესახებ უწყების მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ბუერისთვის მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა.

წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოში მოსამსახურეთა გარკვეულმა ნაწილმა უკან დააბრუნა დღიური ნორმით გათვალისწინებული შოკოლადი შიგთავსში აღმოჩენილი ობის გამო. ამავე წერილით ირკვევა, რომ კომპანიამ ობიანი შოკოლადის შეცვლის ვალდებულება აიღო და განმარტა, რომ დაიხვეწა ტექნოლოგიური პროცესი და მსგავს შემთხვევა აღარ განმეორდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პირობის მიუხედავად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა ობიანი შოკოლადი მაინც აღმოაჩინეს.

"როგორც ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან ირკვევა ხარისხი უარესდება გამოშვებიდან უახლოეს პერიოდში", - განმარტავენ უწყებაში.

დარღვევების განმეორებით აღმოჩენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწვეტილება მიიღო და შესყიდვების სააგენტოს შპს ბუერის შავ სიაში მოსახვედრად ინფორმაცია გადაუგზავნა.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანიასთან 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტის შესაძენად გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 853 946 ლარი იყო.

მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარებების აქტებით ირკვევა, რომ კომპანიამ შსს-ს რამდენიმე ტონა შოკოლადი უკვე მიაწოდა. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით კი, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 40 პროცენტი, 325 595 ლარი უკვე მიიღო. თუმცა, კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო 65 955 ლარით დაჯარიმდა.

On.ge დაუკავშირდა შპს ბუერის დირექტორს, ლაშა თოფურიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარს ვერ ახერხებდა.

ობიანი შოკოლადის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, ნეტგაზეთმა გაავრცელა.