საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა გაერომ გაუგზავნა. ამის შესახებ ალავიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ისაუბრა.

"გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნა, პროცედურა აქვთ, ზუსტად ვერ ვერკვევი. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

25 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მზად იყვნენ საქართველოს თხოვნა მიეღოთ და ჩართულიყვნენ ბორჯომის ტყის ჩასაქრობ სამუშაოებში. მისივე თქმით, უკვე გამოყოფილი იყო თვითმფრინავი, თუმცა ქართლმა მხარემ აცნობა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყო და მათი დახმარება საჭირო აღარ იყო.

დღეს, 26 აგვისტოს ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენიდან მეშვიდე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.