ფილმი, რომელსაც ქართველი მაყურებელი დიდი ხანია ელის, როგორც იქნა საქართველოს კინოთეატრებშიც იქნება ნაჩვენები.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ჩემი ბედნიერი ოჯახის ნახვა მაყურებელს 28 სექტემბრიდან შეეძლება.

ამის შესახებ ტრეილერიდან გახდა ცნობილი, რომელიც ფილმის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაიდო.

ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელშიც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.

ჩემი ბედნიერი ოჯახი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის ევრიმაჟის ხელშეწყობით შეიქმნა. ფილმის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანა კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამამ "გადაიღე საქართველოში".