საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ნახანძრალი ტერიტორია ცოცხალი ძალითა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მუშავდება. როგორც უწყებამ On.ge-ს უთხრა, ამ ეტაპისთვის ავიაცია ადგილზე არ მუშაობს, რადგან ხანძრის ღია კერები აღარ არის.

უწყების თქმით, ხანძრის ლიკვიდირება გამოცხადდება მას შემდეგ, რაც სრულად დამუშავდება ტერიტორია.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ათასზე მეტი თანამშრომელი, გაიჭრა ხუთ კილომეტრამდე გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილი იყო ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

როგორც უწყებამ თქვა, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია თუშეთის ვერტმფრენები. ასევე, გუშინ დღის მეორე ნახევარში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანისა და თურქეთის ვერტმფრენები.