საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური აქტუალობა დაკარგა და მის ექსტრადირების საკითხს შესაბამისი უწყებები მიხედავენ:

"ჩვენ პოლიტიკური ინტერესი ამ კუთხით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დანარჩენი არის სამართლებრივი მხარე და ამას შესაბამისი ორგანოები მიხედავენ."

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ კი განმარტა, რომ მას არ აინტერესებს თუ სად წავა სააკაშვილი:

"როგორც ვიცი, ის ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონმდებლობის ფარგლებში ."

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმა გააცნო და თქვა, რომ ის 10 სექტემბერს გეგმავს ქვეყანაში შესვლას.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისტრის ცნობით, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციით მიმართა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციის საკითხით უკრაინა დაინტერესდა.