უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, არტემ შევჩენკოს თქმით, უკრაინის მოქალაქეობის არ მქონე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე არაკანონიერად იმყოფება. კითხვაზე თუ რატომ არ არის ოდესის ყოფილი გუბერნატორი ჯერ კიდევ დაკავებული შევჩენკომ უპასუხა, რომ დაკავება გარკვეულ პროცედურულ საკითხებს ითვალისწინებს:

"ჩვენ გვაქვს ცნობები იმ ადამინების შესახებ, რომელთა დაკავებაც საჭიროდ მიგვაჩნია. თუ სხვა ადამინების მიმართ გაჩნდება ცნობები, რომლებიც კანონიერად შექმნის დაკავების პროცედურას, მაშინ ეს პროცედურა განხორციელდება."

10 სექტემბერს სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება უკვე დაიწყო. პირველი სასამართლო მოსმენა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მან საზღვარი გადმოკვეთა ლეგალური პასპორტით, რომელიც ავტობუსში დარჩა და ის ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა "მოიპარეს".

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა.