ქართულმა ოცნებამ მარნეულის მერობის კანდიდატი შეცვალა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მერის თანამდებობის დასაკავებლად ამირან გიორგაძის ნაცვლად თეიმურაზ აბასოვი იბრძოლებს.

ქართული ოცნების პრესსამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო და დეტალები მათთვის ცნობილი არაა. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გიორგაძე კვლავ რჩება მათ რიგებში და ის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

"შეიძლება გაკრული იყო [ბანერები], მაგრამ ჩვენ გვაქვს ვადები, გვაქვს დრო და არანაირი კანონი არ დაგვირღვევია", - განუცხადეს On.ge-ს პარტიაში.

მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატის შეცვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა.