6-7ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში Lopota Lake Resort & Spa, კიდევ ერთ მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti-ს ჩაეყრება საფუძველი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს ლისი ლაუნჯში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი და კომპანია Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვნენ.

ფოტო: თიბისი

ფესტივალში Jazz and Wine Kakheti მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ცნობილი ბასისტი, ადამ ბენ ეზრა და მხიარული და გემრიელი შოუს წარმდგენი იტალიური ბენდი Spaghetti Swing.

Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ გასინჯონ სხვადასხვა სახის ღვინო. ასევე, ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

ფოტო: თიბის

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფესტივალის კახეთში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

„ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხხელს უწყობს უმაღლესი ხარისხის კულტურული ღონისძიებების ჩატარებას და ზრდის მის მასშტაბს. ღონისძიებას ჯაზ ფესტივალის ფორმატი აქვს, რომელსაც ჩვენ ახალი ნაწილი დავამატეთ. ამ შემთხვევაში, ეს ღონისძიებები გაიმართება რეგიონებში და მას Jazz and Wine Kakheti დავარქვით. პირველი რეგიონი კახეთი იქნება, კერძოდ ლოპოტის ტერიტორია და სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს, თუმცა შემდეგში სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ“ - ამბობს ნიკა ქურდიანი

ფესტივალის შესახებ თავისი კომენტარი გიორგი კერესელიძემაც გააკეთა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებზე ისაუბრა.

„ორი დღის განმავლობაში ამ ფესტივალზე განწყობას ისეთი ჯგუფები შექმნიან, რომლებსაც მსოფლიო იცნობს. პირველ რიგში აღსანიშნია რაულ მიდონი, რომელიც უამრავ ვარსკვლავთან ერთად მდგარა სცენაზე და ამ ფესტივალის სახელსაც უდაოდ მაღლად აწევს. ასევე აღსანიშნია ჯეიკობ კარლზონის კლასიკური ტრიო, რომელიც ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. იქნება ვირტუოზი მუსიკოსი ადამ ბენ ეზრაც, რომელიც კონტრაბასზე უკრავს, თუმცა მისი შესრულების სტილით ნამდვილად გაგაოცებთ. ბოლოს კი, Spaghetti Swing უნდა წარვადგინო, რომელიც სცენაზე ორ შეფ-მზარეულთან ერთად გამოჩნდება, ისინი კი სცენაზევე სპაგეტის დაამზადებენ, რომლის გასინჯვაც ყველას შეეძლება.“ - ამბობს გიორგი კერესელიძე

ფესტივალის გახსნის დღეს, 6 ოქტომბერს მაყურებლის წინაშე ჯგუფი Spaghetti Swing წარდგება, რომელიც პროგრამა Welcome Party-ის წარმოადგენს. შოუ 20:00 სთ.-ზე დაიწყება. 22:00 სთ.-ზე ჯეიკობ კარლზონის ტრიო გამართავს კონცერტს, ხოლო 00:00 სთ.-ზე Dj-ის პროგრამა დაიწყება.

ფესტივალის მეორე დღეს, 7 ოქტომბერს, პროგრამა უფრო ხანგრძლივი იქნება. სცენაზე პირველი კვლავ Spaghetti Swing გამოჩნდება, რომელიც საფესტივალო დღეს 14:00 სთ.-ზე დაიწყებს. 16:00 სთ.-დან ღვინისა და ჭაჭის დაწურვის პროცესი დაიწყება, რომელსაც 19:00 სთ.-ზე ადამ ბენ ეზრას კონცერტი დაამშვენებს. ამის შემდეგ კი - 22:00 სთ.-ზე ფესტივალს რაულ მიდონის ტრიოს კონცერტი დახურავს.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ორგანიზატორია Eastern Promotion, ხოლო მისი წარმდგენი კი - თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსია.