თბილისის მერია მახათას მთაზე ტაძრის ჯებირის რკინაბეტონის ფილით მოწყობის სამშენებლო სამუშაოებისთვის 170 152 ლარს დახარჯავს. მერია შესყიდვების სააგენტოსგან მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს.

"საქართველოში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ახალი ეკლესიებისა და სამონასტრო კომპლექსების მშენებლობას", - ასე ასაბუთებს თბილისის მერია ღონისძიების სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას.

როგორც თბილისის მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში იტყობინება, მათ 18 ივლისს ჯებირის მოსაწყობად ტაძრის აღმშენებელმა ფონდმა - ააიპ საზოგადოება ივერისას თავმჯდომარემ, გიორგი თავაძემ მიმართა. მერიამ ამ მიმართვის საფუძველზე კი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მათ ააიპ საზოგადოება ივერიისასგან კიდევ ერთი წერილი 13 სექტემბერს მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ 9 ოქტომბერს ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპის აღსანიშნავად დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სახალხო დღესასწაული. ღონისძიებაზე კი საქართველოს ხელისუფლების და მთავრობის ხელმძღვანელი პირების დასწრება იგეგბა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს.

თბილისის მერის ბრძანება

ფოტო: On.ge