"პარტია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს", - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს, 6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო მედია ფორმატში მონაწილეობს:

"ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი".

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში მეორედ 4 ოქტომბერს გამოიწვია. ელისაშვილის ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია და ფეხბურთში მასთან შეჯიბრს არასდროს დათანხმდებოდა:

"მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას."

კახა კალაძე თავის კონკურენტს, ალეკო ელისაშვილის გამოწვევას პასუხობს და ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს, თუმცა ისე, როგორც "ნორმალურ ქვეყანაში" ხდება. ელისაშვილისგან განსხვავებით, კალაძე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს მთავარ კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის რეიტინგებს შესაბამისად იდებატებს კონკურენტის პირისპირ:

"ვიღაც კანდიდატს აქვს ეს რეიტინგი, ვიღაც კანდიდატს ის რეიტინგი და ასე შემდეგ. რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მე უნდა დავუჯდე ზაალ უდუმაშვილს, ასე გამოდის".

კითხვაზე ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ის გამოკითხვიდან, ხმების გადანაწილების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კალაძე და ელისაშვილი ლიდერობენ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.