საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისია "სინანულს გამოთქვამს" იმის გამო, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არ არის. მისივე თქმით, ახალ კონსტიტუციაში არ არსებობს არც ერთი ნორმა, რომელიც მმართველ გუნდს სარგებელს აძლევს:

"ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა, მისი დაგემოვნება არავის უნდა - ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ქართველი ხალხისთვის".

კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უკვე დაუდასტურა ვენეციის კომისიას, რომ ბონუსსა და ბლოკებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი, გარდა ამისა, ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებები:

"ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით... მაგრამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების მიხედვით ვეტოს უფლების გამოყენებას. სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო".

დღეს, 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც კომისიამ კენჭი უყარა კონსტიტუციის ცვლილებებზე საბოლოო დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.