American Horror Story-ის შემქმნელი, რაიან მერფი, რომელსაც HBO-მ Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღება შესთავაზა, ამბობს, რომ ფილმის გადაღება ძალიან მარტივი იქნება თუ სანამტა ჯონსის როლს სხვა შეასრულებს.

"შევცვალოთ სამანტა, ეს ძალიან მარტივია", - თქვა რაიანმა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და იქვე დააყოლა, რომ ვერ ხვდება რატომ ამბობს ასეთ შესანიშნავ სცენარზე უარს კიმ კეტრელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სარა ჯესიკა პარკერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილმის ახალი ნაწილი აღარ გამოვა.

"სექსი დიდ ქალაქში დამთავრებულია. მას არასდროს გადავიღებთ. იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ უბრალოდ ეს ლამაზი, მხიარული, სევდიანი ისტორია გვქონდა. გულსატკენი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ჩვენ [მსახიობები] ამბის გაგრძელებას ვეღარ მოგიყვებით, არამედ ისიც, რომ ჩვენს მაყურებელს ძალიან უნდოდა, რომ კიდევ ერთი ფილმი გადაგვეღო", - ამბობდა პარკერი.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამ ყველაფერში "დამნაშავე" სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელი, კიმ კეტრელი აღმოჩნდა. ყველაფერი კი ერთ-ერთი ყველაზე ყვითელი ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Mail-ის, სტატიით დაიწყო, სადაც დაიწერა, რომ კიმის მოთხოვნები პროდიუსერებმა ვერ დააკმაყოფილეს, რის გამოც მან გაგრძელებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მედიაში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ Sex and the City-ს მსახიობები ტვიტერზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა კიმ კეტრელმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

"არ შემიძლია. ჩემი გული ამას აღარ ეკუთვნის. მე ეს პერიოდი უკვე დავასრულე. 61 წლის ასაკში ისე აღარ ფიქრობ, როგორც 53-ის და 41 წლების ასაკში. სამანტასგან უამრავი რამ ვისწავლე, ის ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მსურს და არა იმდენი მუშაობა, როგორ წლების განმავლობაში ხდებოდა. მინდა ჩემი ცხოვრება აღარ იყოს ძველებურად არეული. ჩემი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს იმას, თუ ვინ ვარ ახლა და რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. და ამ გადაწყვეტილების შეცვლით, მე ბედნიერი აღარ ვიქნები. იმედი მაქვს, რომ გამიგებთ."

ჯერ-ჯერობით უცნობია, ეს ყველაფერი ჯერ არ გამოსული და მეტიც, ჯერ არ გადაღებული ფილმის პიარის მიზნით ხდება თუ ყველაფერი სინამდვილეში ხდება, ერთი კი ნამდვილად ცხადია, მაყურებელი ახალ სამანტა ჯონსს, თუ მას კვლავ კიმი არ ითამაშებს არ მიიღებს!