საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, მათი დაკვირვებით, პირველი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლები საარჩევნო კამპანიაში ერთვებოდნენ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

TI-ის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები მასშტაბურად იყვნენ მობილიზებულები, ფაქტობრივად ყველა რეგიონში.

კვლევაში "საგანგაშოდ" არის შეფასებული, გავრცელებული ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ:

"არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, რაც გაუგებარია".

TI-ის ანგარიშში წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო შველიძემ ქართული ოცნების შტაბის უფროსს დავით კოდუას საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სია მიაწოდა, პირადი ნომრებისა და ვინაობების მითითებით, სადაც სიის ნაწილს პლიუს ნიშნები, ნაწილს მინუსის, ხოლო ნაწილს კითხვის ნიშნები ჰქონდა მითითებული:

"მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტით გარდა საარჩევნო კოდექსისა, რომლის თანახმადაც საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენება იკრძალება, შესაძლოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონიც დაირღვა".

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ საანგარიშო პერიოდში უკანონო აგიტაციის ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით:

"ჩვენ მიერ აღმოჩენილ ყველა შემთხვევაში, ფეისბუქის მეშვეობით საჯარო მოხელეების მიერ გაწეული უკანონო აგიტაცია განხორციელებული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ".

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

TI-ის ცნობით, პრობლემა იყო საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი:

"ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ წინასწარი სიები იმ კანდიდატებისა, რომლებიც ქართული ოცნების მიმართ ლოიალობის გამო უნდა დანიშნულიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თელავში ოპოზიციური პარტიის მიერ წინასწარ გასაჯაროებული სია ჩვენ შევადარეთ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოგვიანებით არჩეულ წევრთა სიას და ისინი სრულად დაემთხვა ერთმანეთს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შიგნით მიიღება".

TI-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დმანისის მუნიციპალიტეტზე, სადაც სოფელ ირგანჩაიში მმართველი პარტია მოსახლეობას მათი ხმების მისაღებად, სავარაუდოდ, ყურანზე დაფიცებას აიძულებდა. შსს-ის ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კითხვა გააჩინა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წარმომადგენლების, ე.წ. სოფლის რწმუნებულების საშტატო ნუსხიდან არამუდმივ თანამდებობებზე გადაყვანამ. ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო:

"ჩვენი აზრით, ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო და საარჩევნო პროცესებზე უარყოფით გავლენა შეიძლება ჰქონოდა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე სოფლის რწმუნებული ჩვენთან კონფიდენციალურ საუბარში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათი თანამდებობაზე დარჩენა დამოკიდებული იქნებოდა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე".