დღეს, 17 ოქტომბერს საკაბელო კომპანიების ნაწილმა აბონენტებს რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, GDS-ის, მარაოსა და კომედი არხის მიწოდება შეუწყვიტეს. ასე გამოხატეს კომპანიებმა პროტესტი მედია რაითს ჯორჯიას მიმართ, რომელიც ამ არხების გავრცელებისთვის თანხის მიღებას ითხოვს.

საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორმა, თეონა ბერუაშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ მათ მედია რაითს ჯორჯიასთან რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ:

  • ექვსივე ტელევიზია ყველასთვის ფასიანი იყოს;
  • ოპერატორს შეეძლოს ექვსიდან ერთი ან რამდენიმე არხის არჩევა.

ბერუაშვილის თქმით, საკაბელო კომპანიების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

"ოპერატორები მიიჩნევენ, რომ მედია რაითს ჯორჯიას შეთავაზებები სამართლიანი არაა და ვერ დაეთანხმებიან. ეს აუცილებლად გამოიწვევს სააბონენტო გადასახადების გაზრდას, რადგან ისე ვერ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, გამოდის რომ აბონენტებმა უნდა გადაიხადონ", - ამბობს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპანიები სააბონენტო გადასახადს არა ქართული არხების გაყიდვისთვის, არამედ ყველა არხის ერთად თავმოყრის სერვისში.

დღესვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, რითაც საკაბელო კომპანიებს გაახსენა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებული არიან მომხმარებლებს ინდივიდუალური შეტყობინებით, 10 დღით ადრე, აცნობონ მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

ბერუაშვილი საკაბელო კომპანიების სახელით კომისიას პასუხობს და ამბობს, რომ მათ სამუდამოდ არ გაუთიშიათ ექვსი არხი და ამით პროტესტი გამოხატეს. მისვე თქმით, თუ პაკეტში შემავალი ექვსი არხის არ დაიშლება და საკაბელოები თავად არ აარჩევენ სასურველ არხებს, მაშინ მათი მაყურებელი რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს, GDS-ს, მარაოსა და კომედი არხს ვეღარ უყურებს.

მედია რაითს ჯორჯიას დირექტორი, ზურაბ ნაყეური ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა მაუწყებლობის გავრცლებისთვის კომპანიებმა თითო აბონენტზე ლარნახევარი გადაიხადონ. ასეთი შეთანხმება უკვე გაფორმდა მაგთიკომთან, რომელსაც ნაყეურის თქმით, დაახლოებით 200 ათასი აბონენტი ჰყავს.

"ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ბიზნესშეწონილობიდან გამომდინარე", - დასძენს ნაყეური, რომელის თქმითაც, მსგავსი თანამშრომლობა იგეგმება myvideo-სთან და სილქნეტთან.

კომპანიის დირექტორის თქმით, მოლაპარაკებებისთვის კომპანიებს დრო მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე აქვთ.