1922 წლით დათარიღებული ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი, რომელშიც ბედნიერი ცხოვრების შესახებ მისი რჩევა წერია, იერუსალიმის აუქციონის სახლში 1,56 მილიონ დოლარად გაიყიდა.

თითქმის ერთი საუკუნის უკან, როდესაც ტოკიოს სასტუმროში კურიერმა აინშტაინს ფოსტა მოუტანა, მეცნიერმა მას ფულის ნაცვლად სასტუმროს ლოგოთი მონიშნულ ფურცლებზე დაწერილი ორი რჩევა გადასცა. აინშტაინი ამ დროისთვის უკვე პოპულარული იყო და უცნობია, კურიერმა მას ფული არ გამოართვა, თუ აინშტაინს ხელთ მისთვის მისაცემი თანხა არ აღმოაჩნდა.

აინშტაინმა კურიერს სულ ორი ხელნაწერი გადასცა და უთხრა, რომ შესაძლოა ამ ფურცლებს ოდესმე ღირებულება შეეძინა. მეცნიერის წერილის მიხედვით, დიდი ხნის ოცნების ასრულება შესაძლოა ბედნიერების გარანტი არ იყოს.

"სიმშვიდემ და სასიამოვნო ცხოვრებამ შესაძლოა მეტი ბედნიერება მოგიტანოს, ვიდრე დაუღალავი შრომით მოპოვებულმა წარმატებამ" - წერია გერმანულად ფურცელზე, რომელიც 1,56 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მეორე ხელნაწერ ფურცელზე, რომელიც იმავე დროსაა დაწერილი, აინშტაინის შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ:

"როცა არსებობს სურვილი, არსებობს გზაც", ეს ხელნაწერი 240 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

BBC-ის ცნობით, ხელნაწერები კურიერის შთამომავალმა გაყიდა და მათი საწყისი ფასი ბევრად დაბალი იყო.

ფიზიკოსს ახალი გაგებული ჰქონდა, რომ ნობელის პრიზი მიიღო. ის მსოფლიოს მასშტაბით ლექციების კურსებს კითხულობდა და მოგზაურობდა და იაპონიაშიც ამ მიზნით იყო ჩამოსული.

ფოტო: AFP