საქართველოს მთავარი პროკურატურა ნუცუბიძის ფერდობზე, დაკავების დროს გარდაცვლილი ადამიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი:

"ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც პირი დააკავეს".

ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. დივიარებზე ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე.

ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და მალევე მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა. უწყების პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პირის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხულია.