საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პირის ცუდად გახდომის ჩანაწერი არსებობს. ამის შესახებ მან დღე, 30 ოქტომბერს განაცხადა.

იმის მიუხედავად, რომ მინისტრის მოადგილემ თავიდან მტკიცებით ფორმაში თქვა ჩანაწერების არსებობის შესახებ, შემდეგ, იმავე კომენტარში, თავისივე ნათქვამი დააზუსტა.

"ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი... კამერების ჩანაწერები არსებობს... იქ არის მომენტები, მათ შორის ცუდად გახდომის მომენტი უნდა ჩანდეს, რამდენადაც მე ვიცი... თუ რატომ არ ჩანს მაგიტომ არის გამოძიება, რომ გასცეს პასუხი და გამოიკითხონ ის პირები ვინც პასუხისმგებელი იყო", - აღნიშნა ხუციშვილმა.

25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და მალევე მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა. უწყების პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პირის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხულია.