აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის დათმობაზე მოლაპარაკებებისკენ დაჟინებით მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპმა, თავისი ხუთდღიანი აზიური ტურნეს ფარგლებში, ჩრდ. კორეის საკითხი უკვე განიხილა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს რეგიონში უკვე გაგზავნილი ჰყავს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები, დონალდ ტრამპის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მათი გამოყენება ჩრდ. კორეის წინააღმდეგ საჭირო არ გახდება. აშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა ჩინეთსა და რუსეთს ფხენიანზე წნეხის გაძლიერებისკენაც მოუწოდეს.

ტრამპმა ასევე, განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობას შეისყიდის, რაც მისივე თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტს შეამცირებს. იგივე განაცხადა ტრამპმა იაპონიასთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ ამ ტექნიკით ქვეყანას ფხენიანის რაკეტების ჩამოგდება შეეძლება.

პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს თქმით, იაპონია სრულიად ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, როცა ის ამბობს, რომ ჩრდ. კორეასთან მიმართებით ყველა სახის ქმედება განიხილება.

"სტრატეგიული მოთმინების ერა ამოიწურა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჩემი რიტორიკა ძალიან მკაცრია, მაგრამ შეხედეთ რა ხდება ბოლო 25 წელი ძალიან სუსტი რიტორიკის გამო", - თქვა ტრამპმა აბესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის შემდეგ ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს ეწვევა.