ორშაბათს, 13 ნოემბერს, ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ახალი ქიმიური ანალიზით ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მეღვინეობა საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყეს.

თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარე ანტიკურ სოფლებში, სახელად გადაჭრილი გორა და შულავერის გორა, ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და სხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც 80 საუკუნით თარიღდება.

ფოტო: Judyta Olszewski

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

უახლესი ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში, ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში მზადდებოდა - რაც შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა.

PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერები და პროფესორები არიან.

აქამდე ღვინის უძველეს მწარმოებელ ქვეყნად ირანი ითვლებოდა, რადგან წარსულში მოპოვებულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ იქ ღვინოს ჯერ კიდევ 7 000 წლის წინ ამზადებდნენ. რაც შეეხება ალკოჰოლურ კოქტეილებს, ძველი წელთაღრიცხვის 7 000 წლიდან [9 000 წლის წინ] ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს ჩინეთში აკეთებდნენ.

ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.

განახლება: სტატიის პირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ "აქამდე მეღვინეობის სამშობლოდ ჩინეთი ითვლებოდა". მოგვიანებით, დაზუსტებული ვერსია აისახა მასალაში.