საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ლარს ე.წ. მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და ამ მიზეზით, დამახასიათებელია ცვალებადობა. მისი თქმით, ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას პოზიტიურია.

"მოლოდინების მხრიდან არის ეს ქცევა გამოწვეული. ჩვენ რასაც ვხედავთ, ის იმპორტიორები, რომლებიც ადრე იანვარსა და თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა არის ეს უფრო გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი (სხვადასხვა ვალუტებთან საშუალო შეწონილი) დიდი ხნით გადაიხრება თავისი ფუნდამენტური მაჩვენებლიდან რეაგირებას მოახდენენ.

"ამან შეიძლება შეუქმნას საფრთხე ინფლაციას, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განმარტა მან.

ლარი უცხოურ ვალუტებთან აშშ დოლართან და ევროსთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფასურდება. ერთი ევროს ღირებულებამ 2017 წლის ნოემბერში პირველად გადააჭარბა სამ ლარს.

დღეს, 15 ნოემბერს, ეროვნულ ბანკის კურსით, 1 ევროს ღირებულება 3,1437 ლარია, 1 დოლარის კი - 2,68 ლარი.