ბოლო ორი ათწლეულია ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ინტერნეტს უჭირავს და ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება - თუ დიდ ქალაქებში ფაქტობრივად აღარ არსებობს უინტერნეტოდ დარჩენილი ოჯახი, სოფლებში ამ მხრივაც სავალალო მდგომარეობაა. არადა, დღეს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება და ხარისხიანი განათლების მიღება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

მსოფლიო მასშტაბით, ამ პრობლემის მოგვარებაზე უამრავი ბიზნესმენი მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ფეისბუქის შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი. ის აზიის კონტინენტზე ინტერნეტის გავრცელებისთვის უამრავ თანხას ხარჯავს და აქტიურ კამპანიას ეწევა, თუმცა ცხადია მისი ძალისხმევა სრულ სურათს ვერ შეცვლის.

მართალია საქართველოში ცუკერბერგის კამპანიას პირდაპირ არ ჩამოუღწევია, მაგრამ აქაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით ინტერნეტის მნიშვნელობა. Educare Georgia-ს ინიციატივით შეიქმნა ვებ-პლატფორმა Charte.ge, რომელიც სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტის ჩართვასა და კომპიუტერების შეძენაში, თქვენთან ერთად ეხმარება.

ვებ-პლატფორმაზე განთავსებულია იმ მოსწავლეების განცხადებები, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ. ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს უფროსკლასელებს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პროექტი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებით დაიწყო. ამჟამად 130-ზე მეტი კერძო დონორის მხარდაჭერით 35 მოსწავლე ჩართულია ინტერნეტში. წლის ბოლომდე კი 100 მოსწავლეზე მეტის ჩართვა იგეგმება.

მარიამი ერთ-ერთია, ვინც თქვენს დონაციას ელოდება, რათა ინტერნეტის დახმარებით ონლაინ გაკვეთილებს მოუსმინოს და მისი ცოდნა გაიღრმაოს.

„ინტერნეტის ქონის შემთხვევაში მოვუსმენ ვიდეო გაკვეთილებს, დავათვალიერებ ხელოვნების ნიმუშებს და ვიკონტაქტებ მეგობრებთან“, - წერს მარიამი.

კერძო დონორების გარდა, პროექტში ერთვებიან კერძო კომპანიებიც. ამ კამპანიის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი თიბისი დაზღვევაა, რომელმაც ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები უფროსკლასელებისათვის Chromebook-ების შეძენა დააფინანსა.

პროექტს საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia ახორციელებს, რომლის მიზანია მსოფლიო დონის განათლება, ინტერნეტის და ტექნოლოგიის მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მასთან ერთად, პროექტს მხარს უჭერს KhanAcademy, Helix Group, ნებულა, Lingwing.com, ელექტრონული წიგნების სახლი საბა, ელიტ ელექტრონიქსი, თიბისი დაზღვევა, CODE, EY და სხვ.