თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე თბილისში ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერია ამას არ მიესალმება და ამას ძეგლების შეურაცხყოფას უწოდებს.

ხმალაძის განმარტებით, მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, რადგან მათთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვიცე-მერის განცხადებით, რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, დაჯარიმება თუ სხვა სანქციები, აუცილებლად გატარდება. ხმალაძის თქმით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით.

29 ნოემბერს, დილით თბილისში ძეგლების ნაწილი მოქალაქეებს პირბადით დახვდათ. კამპანიის მონაწილეების ვინაობა და მიზანი ჯერ უცნობია. ფოტოები ფეისბუკით გავრცელდა. მოქალაქეების სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ. უმეტესობის აზრით, აქცია-პერფომანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.