თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ხუთი ბრალდებულის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგიზ კალანდიას ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს:

"ვინაიდან ის აღიარებს და ინანიებს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე გვაქვს პოზიცია რომ მოვითხოვოთ მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება გირაოს შეფარდება. საერთოდ 1000-დან შესაძლებელია, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, თან 6 შვილი ჰყავს. როგორ უნდა გაენადგურებინა [მტკიცებულებები] ამ კაცს? ცხვირზე სისხლი ეცხო, ის მოწმინდა და ეს არის მტკიცებულების განადგურება?"

დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ხუთი პირიდან სამი სრულწლოვანია და ისინი დაკავებულები არიან. დანარჩენი ორი პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სამი სრულწლოვანი პირის მიმართ პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას, არასრულწლოვნის მიმართ მოითხოვს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემას, ხოლო 21 წლამდე პირის მიმართ მოითხოვს გირაოს.