შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ზვიად რატიანი იყო ნასვამი, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა, თუმცა "უცენზურო გამონათქვამების" გამო უწყებას მისი გამოქვეყნება არასწორად მიაჩნია:

"აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგინება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი."

ზვიად რატიანი აცხადებს, რომ თამარ მეფის გამზირზე ნარინჯისფერ ქურთუკში გამოწყობილ პოეტს რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და დამცინავად ჰკითხა, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი. ადვოკატის თქმით, პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო, რის შემდეგაც საუბარი გამწვავდა. ამის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა რატიანს სცემეს.

შსს იმასაც უარყოფს, რომ პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ.

პოეტის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.

სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც.

22 დეკემბერს გამოცხადებული საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 24 დეკემბერს, დაასრულა. შსს-ს საბოლოო მონაცემებით კონტროლის შედეგად სულ შემოწმდა 52 000-მდე პირი, დაკავებულია - 127.