მწერალი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ე.წ. რეიდების დროს ცემაში ადანაშაულებს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ On.ge-ს მისმა ადვოკატმა, ანა ნასრაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რატიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, რომელმაც საავადმყოფოში გადასვლა ურჩია.

ტვინის შერყევის გამო მწერალი დღეს სასამართლო სხდომაზეც ვერ გამოცხადდა, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. სასამართლომ გაიზიარა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და საქმის განმხილველი სხდომა 17 იანვრამდე გადაიტანა.

ზვიად რატიანი აცხადებს, რომ თამარ მეფის გამზირზე ნარინჯისფერ ქურთუკში გამოწყობილს რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და დამცინავად ჰკითხა, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი. ადვოკატის თქმით, პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო, რის შემდეგაც საუბარი გამწვავდა. ამის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა რატიანს სცემეს.

შსს-ს მტკიცებით კი რატიანი ნასვამი იყო, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. შსს იმასაც უარყოფს, რომ პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ.

პოეტის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.

სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც.