პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ტარდება. სავარაუდოდ, სპეცოპერაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოგვიანებით თვითონ დაგვიკავშირდებიან.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს სუს თბილისში ტერორიზმის აღსაკვეთი სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ახმეტ ჩატაევთან კავშირს ედავება. დღევანდელ სპეცოპერაციას ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირზე საუბრობს ადგილობრივი ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომლის ასაყვანადაც სპეცოპერაცია ტარდებოდა, თავშია დაჭრილი.

"რა აუცილებლობა იყო დაკავებისას მისთვის სროლა? იარაღით წინააღმდეგობა გაუწია?! ჯერ არ ვიცით, ის საავადმყოფოშია", - წერს ბორძიკაშვილი ფეისბუკზე.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ისნის სპეცოპერაციის შესახებ გაიგეთ მეტი.